top of page

„თოჯინების სახლი“ – ახალი თეატრალური სივრცე ახალი, განსხვავებული სათქმელით

12 მაი. 2024

„თოჯინების სახლის“ სახით ქართულ თეატრს კიდევ ერთი ახალი და უპრეცედენტო თეატრალური კერა შეემატა, რომელიც აერთიანებს თოჯინებისა და საგნების თეატრს და მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ გააჩნია.

ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე დაფუძნებული ,,თოჯინების სახლი" მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, თეატრის სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას.

თეატრი თოჯინების სახლი გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით რეჟისორის ცოლი, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მეუღლის — თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

დამოუკიდებელი თეატრი — თოჯინების სახლი მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.

თოჯინების სახლი დღემდე არსებული თეატრალური წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებს შესთავაზებს მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილი იქნებიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი, ეს კი ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობაა.

თეატრში, უახლოეს მომავალში, დასადგმელად შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით.

bottom of page