ახალციხე | Puppettheatre
top of page

ახალციხის სახელმწიფო თოჯინების თეატრი

1981 წ. ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის ბაზაზე საქალაქო კულტურის სახლის დირექტორის რ. სისაურის ინიციატივით და ხელშეწყობით მოწვეული იქნა თ. ნემსაძე (მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდა თოჯინურ ხელოვნებაში.) დრამწრის ხელმძღვანელად, მან კულტურის სახლის თანამშრომლების მხარდაჭერითა და თანადგომით ჩამოაყალიბა თოჯინური ხელოვნების  წრე, სადაც მონაწილეობდნენ კულ. სახლის მსახიობები: რუსუდან სისაური, ნუნუ ნაროზაული, თამაზი კუჭაძე და  ლიანა ბედნარსკი - გელაშვილი. თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი იყო „ტრაბახა კატა“, რომელიც მაყურებელმა დიდი სიყვარულით და მოწონებით მიიღო. პირველმა შთაბეჭდილებამ დიდი გავლენა მოახდინა თეატრის შემდგომ საქმიანობაზე.

1985 წლამდე თოჯინების თეატრს მოყვარულთა თეატრი ერქვა და ფაქტობრივად წრეობრივ მუშაობას ეწეოდა. აღნიშნული დროისთვის თეატრს ოთხი სპექტაკლი ჰქონდა მომზადებული: „ტრაბახა კატა“, „თხუპნია“, „ოხერტიალა“ და „წითელქუდა“. აღნიშნული სპექტაკლების განხილვის  შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალური ჟიურის შეფასების საფუძველზე, დრამატულ წრეს  სახალხო თეატრის წოდება მიენიჭა.

თეატრს ბევრი გამოწვევაც ჰქონდა, კერძოდ თავდაპირველად ის მოთავსდა რაბათის ტერიტორიაზე მდებარე საქალაქო კულტურის სახლში, რომელიც 1987 წელს სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და დაინგრა.

1989 წ. საქალაქო კულტურის სახლის დირექტორის რ. სისაურის მიერ რაიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ქ. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის რეჟისორთან ბატონ ნ. იონათამიშვილთან მოლაპარაკების შედეგად დაიწყო თეატრის ახალი ეტაპი. ბატონ ნ. იონათამიშვილმა 1989 წლიდან – 2011 წლამდე დაუღალავად იშრომა, მან დადგა ოცდაშვიდზე მეტი სპექტაკლი, რასაც სათანადო შედეგიც მოჰყვა.

        1990 წ. თეატრს მიენიჭა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირთან არსებული თეატრ–სტუდია „ვარძია“.  

უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ ქვეყნის შიგნით მოპოვებულმა წარმატებებმა განაპირობა თეატრის გასტროლები საზღვარგარეთ. თეატრ-სტუდიის შემოქმედებით საქმიანობაში დაუვიწყარი იყო ბულგარეთში მოგზაურობა 1990 წლის 18-25 სექტემბერს გამართულ თოჯინურ ფესტივალზე, სადაც თეატრი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მაყურებელთა წინაშე წარსდგა სპექტაკლით „რწყილი და ჭიანჭველა“ და პირველი ადგილიც დაიკავა. ამ გასტროლებთან დაკავშირებით გაზეთ „სამცხეში“ დაიბეჭდა სტატია, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ და მადლობას უხდიან შემოქმედებით ჯგუფს წარმატებას, რომლებიც დაჯილდოვდნენ მედლებით, ჯილდოებით და ფასიანი საჩუქრებით - „თეატრის მთავარი რეჟისორი თამაზ ნემსაძე, დირექტორი - რუსუდან სისაური, მსახიობები: ნუნუ ნაროზაული, თამაზ კუჭაძე, ლია ბედნარსკი, მაია მოდებაძე, ზაზა კუჭაძე, დათო სისაური,  კახა ნემსაძე. თეატრის ადმინისტრატორი - შალვა პანიატოვსკი, დამდგმელი რეჟისორი ნ. იონათამიშვილი, მხატვარი - გ. აბაკელია, კომპოზიტორი - მ. მერაბიშვილი. მთავარ რეჟისორს საჩუქრად გადასცეს დიდი თოჯინა - პინგვინი.

1990 წელს თეატრი მონაწილეობდა საქართველოს პირველ რესპუბლიკურ ფესტივალზე, სადაც სახელმწიფო თეატრებთან ერთად საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა და საპატიო „დიპლომი“ დაიმსახურა.

1992 წლიდან თეატრს გადაეცა ქალაქის საკრებულოს შენობის,  პირველ სართულზე არსებული დარბაზი. შეიძლება ითქვას ის, რომ  თოჯინების თეატრი დაარსების დღიდან  სისტემური ფინანსური პრობლემების მიუხედავად აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვანი ადგილი და დიდი სიყვარული დაიმკვიდრა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში. ამასთანავე, თეტრმა დიდი წვლილი  შეიტანა საქართველოში თოჯინური ხელოვნების განვითარებაში. თეატრს მუშაობის ტემპი არცერთ ეტაპზე არ შეუნელებია და საქართველოს ყველა ქალაქში იყო საგასტროლოდ: ქუთაისში, თბილისში, რუსთავში და ა.შ. 1996 წლის სექტემბრის თვეში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის  „პირველ საერთაშორისო ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!   თეატრს, აქაც  საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად, შემოქმედებითი ჯგუფი დიპლომებით დაჯილდოვდა.

1993 წელს თეატრს გადაეცა შენობა, რომელიც არ იყო თეატრისათვის განკუთვნილი. შენობაში არ არსებობდა არანაირი ტექნიკური ბაზაც. წლების მანძილზე  შემოწირულობებით, ენთუზიაზმით და საკუთარი ძალებით შეიქმნა საბავშვო თოჯინების თეატრი, თოჯინების თეატრის სცენიდან აჟღერებული  ქართული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  იყო, როგორც  ეთნიკურად მრავალფეროვანი რაიონისთვის, ასევე  რეგიონისთვისაც. თეატრი წლების მანძილზე აზიარებდა ქართულ ენას და ქართულ კულტურას, როგორც  ქართველ, ასევე არაქართველ პატარა მაყურებელს.

1997 წლის 1-ლი სექტემბრიდან თეატრს მიენიჭა „ახალციხის თოჯინების სამხარეო სახელმწიფო თეატრის“ წოდება.

1997 წელში საქართველოს ისტორიაში პირველად, სამცხე-ჯავახეთიდან თეატრი საგასტროლოდ იმყოფებოდა ქ. ერევანში, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენება სპექტაკლისა „ნატვრის კუნძული“. თეატრის გასტროლი დიდი წარმატებით დასრულდა და საქართველოს საელჩოს მადლობაც დაიმსახურა.

            ამავე წელს, თბილისში დასმა წარადგინა  სპექტაკლი „ოქროს წიწილა“, რომლის ჩვენების შემდეგ თეატრალური  ჟიურის მიერ მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო  მსახიობებს: მ. მოდებაძეს, ნ. ნაროზაულს და გ. კოხრეიძეს მიენიჭათ „სცენის ოსტატის“ წოდება. აქვე უნდა აღინიშნოს რომ თოჯინების თეატრის დანარჩენ მსახიობებს მინიჭებული აქვთ უმაღლესი კატეგორიის მსახიობის წოდება. ხოლო, დირექტორი - რუსუდან სისაური 1898 წელს დაჯილდოებული იქნა ღირსების ორდენით - თოჯინების თეატრის დაფუძნებისა და შემოქმედებით საქმიანობაში გაწეული მუშაობისთვის.

 

            1998-1999 წლებში, თეატრს საგასტროლო გასვლა ბათუმსა და ფოთში ჰქონდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ თავის არსებობის მანძილზე, თეატრს არ დაუტოვებია საქართველოს არც ერთი რეგიონი სპექტაკლები რომ არ ეჩვენებინა. როგორც, თეარტის დირექტორი რუსუდან სისაური აღნიშნავდა მოგონებებში: „წალკიდან სვანეთამდე აბსოლუტურად ყველა რაიონსა და ქალაქში აქვს თეატრს გამართული სპექტაკლები“.

 

2003 წლიდან თეატრი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ს.ს.ი.პ. ახალციხის თოჯინების  სახელმწიფო თეატრი“.

2005 წლის 18 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოიცა  #486   ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების თეატრის შექმნის შესახებ“ ე.ი ახალციხის თოჯინების თეატრი დამოუკიდებელ დაწესებულებად გაფორმდა, მოეხსნა დაქვემდებარება საქალაქო კულტურის სახლისგან.

2006 წლისათვის თოჯინების თეატრის რეპერტუარი სამი ახალი სპექტაკლით გამდიდრდა. მხატვარ ვ. ქორიძის ხელმძღვანელობით მომზადდა: „მწვანე ქოლგა“, „თაგუნიას გასაჭირი“ და „მოდი ვნახოთ“, სცენარი ეკუთვნის ნ. იონათამიშვილს.

თოჯინების თეატრის სამომავლო გეგმა - სპექტაკლის „ნატვრის კუნძულის“ ახალი ვარიანტის დადგმა.

2007 წელს თეატრში განხორციელდა ტრილოგია „ენა, მამული, სარწმუნოება“, ასევე აღდგენილ იქნა სპექტაკლი „ბუტია“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალციხის თოჯინების თეატრი, საქართველოში არსებული ხუთი თოჯინების სახელმწიფო თეატრიდან ერთ-ერთი წარმატებული თეატრია, ამის დასტურია ისიც, რომ თეატრს სამჯერ ჰქონდა ორკვირიანი გასტროლი ქალაქ თბილისში.

2008 წლის 14 მაისი  გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „გუგულიანი საათი“, იმავე წლის 8 ივნისს პრემიერა სპექტაკლისა „მებადური და ოქროს თევზი“.

2008-2009 წ. სეზონს მიეკუთვნება სპექტაკლი მ. არონაშვილის „ზრაპრისა“, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ნოდარ იონათამიშვილი, მხატვარი - ვახტანგ ქორიძე.

2009 წლის 13 აპრილს შედგა პრემიერა სპექტაკლისა „გვრიტი“. 1 ივლისს - პრემიერა სპექტაკლისა „გერმანული ზღაპარი“ (თიკუმა).

2010 წლის 13 აპრილს გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „ძალიან ეშმაკური ზღაპარი“. თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლი - „ბიჭი და ქარი“ რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ნოდარ იონათამიშვილი, მხატვარი - ვახტანგ ქორიძე.

2011 წლის 1 თებერვლამდე (გარდაცვალებამდე) თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი იყო ნოდარ იონათამიშვილი,  თეატრის მმართველი - რუსუდან სისაური.

2012 წლის დასაწყისიდან თეატრი გახდა -  საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ს.ს.ი.პ. ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი“. იმავე წელს თოჯინების თეატრს ჩამოერთვა კუთნილი შენობა  და გადაყვანილი იქნა ახალციხეში, რაბათის უბანში - „ახალციხის ციხის“ კომპლექსში, რომლის აშენება და რეაბილიტაციაც იმდროისთვის დასრულდა. თეატრისთვის გამოიყო 100 კვ-მდე ფართი. ეს თეატრისა და მაყურებლისთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იყო... ადგილი, სადაც სპექტაკლები იდგმებოდა და ხორციელდებოდა არანაირად არ  შეესაბამებოდა თეატრალურ გარემოს, რომ აღარაფერი ვთქვათ  უჰაერობასა და ტერიტორიულ  სივიწროვეზე, მწყობრიდან გამოსული სავენტილიაციო, სველი წერტილი და გათბობის სისტემა, საშინელი ნესტი... შენობას არ ქონდა,  სათადარიგო გასასვლელი, ასევე  აბსოლუტურად დარღვეული იყო ყოველგვარი ტექნიკური უსაფრთხოებისა და სახანძრო დაცვის ნორმები. პარალელურად გაჩერდა უამრავი სპექტაკლი, რომლის გამართვა შეუძლებელი იყო იმ სივრცეში, სადაც თეატრი განათავსეს, თუმცა იმ მოცემულობაშიც დაიდგა ბევრი ახალი სპექტაკლი, მიუხედავად არანაირი სამუშაო პირობისა  და არანაირი მოტივაციისა.

 

bottom of page