პირველი ქართული საფესტივალო კვირა ლევილის ისტორიულ მამულში
top of page

პირველი ქართული საფესტივალო კვირა ლევილის ისტორიულ მამულში

31 ივლ. 2023

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ლევილის ისტორიულ მამულში წარმოადგინეს

ლევილის ისტორიულ მამულში პირველი ქართული საფესტივალო კვირა წარმატებით დასრულდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

მეორე დღის საფესტივალო პროგრამა მოიცავდა: თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), ფოლკლორულ ანსამბლ „მარგალიტისა“ და საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის გამოსვლებს.

ლევილის ქართული ფესტივალის მეორე დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტები და ფრანგი სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართება სპექტაკლებიც. აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან.საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „მარგალიტი“; საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, რომელიც წარმოადგენს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლებს - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“; ქუთაისის კამერული გუნდი; ანსამბლი „ბასიანი“; ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი (წარმოადგენს ორ სპექტაკლს - „ხალდე“ და „ჩემო კალამო“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)); ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“; ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი); ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“; თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო“ (რეჟისორი ივანე ხუციშვილი)); ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.

ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

აღსანიშნავია, რომ მამულის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში, ლევილსა და თბილისში მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც ერთხმად მიიღეს მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022-2023 წლებში ჩატარდა გალავნის, „გუშაგის სახლისა“ და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმატებით დასრულდა მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოებიც. 2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ დაიწყო ლევილის მამულის მწვანე საფრის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსაჩენად სრულად აღნუსხა მამულის ხეხილი.2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. შატოს სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, ამიტომ შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავიც. ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. გუშაგის სახლის კრამიტით გადახურვა და ფასადის, სასერვეროს, საწყობისა და ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები, ასევე - გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. სამუშაო სრულად მოიცავს მამულს, მოეწყობა ექვსი სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის; განახლდება შატოს ფასადი და დარაბები, შატო მთლიანად გაიწმინდება აზბესტისგან.

2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).

bottom of page