top of page

ჩვენ არ გვგავს!

„ყველა ადამიანი არის იმ ეპოქის ქმნილება,

რომეშიც ის ცხოვრობს, მხოლოდ ცოტას შეუძლია

 დააყენოს საკუთარი თავი დროზე მაღლა“ - ვოლტერი


მოზარდების აქტიურ ჩართულობას თეატრალურ პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მოზარდის, როგორც ინტელექტუალურ ასევე სოციალურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.  ასევე ეხმარება შემოქმედებითი აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია (აკლია საზოგადოებას) ავითარებს ემპათიას, რომელიც უზრუნველყოფს სხვების ემოციურ (არარაციონალური) ქმედებების თანაგანცდას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პასუხისმგებლობა, კი თოჯინურ/მოზარდების თეატრს ეკისრება.

ნინო მაღლაკელიძემ ქუთაისის თოჯინების თეატრში, ცნობილი ჰანს კრისტიან ანდერსენის მოთხრობის „მახინჯი იხვის ჭუკის“ ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორიც თავად ნინო გახლავთ. ტექსტი დაამონტაჟა/შეკვეცა და მთავარი ამბის ხაზი განავითარა. აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლმა ყაზახეთის თოჯინების თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე „გრან-პრი“ აიღო.

მოთხრობაც და სპექტაკლიც სისასტიკის, ეგზისტენციალური კრიზისის ელემენტებს შეიცავს. რეჟისორმა  სპექტაკლში გარემო კიდევ უფრო მუქი ფერებით დაამძიმა და ამით მეტი დრამატულობა შესძინა.  დედა, მამა და სამი იხვის ჭუკი ლითონის/მეტალის (მხატვარი და თოჯინების ოსტატი - ილიკო საჯაია) ჭურჭლისგან (კოვზები, ჩაიდანი, ჩანგალი და ა.შ) შექმნა, ხოლო მეოთხე - თექის მატერიისგან არის დამზადებული -  ხელნაკეთია (რაც ასე ფასობს თანამედროვეობაში). თუმცა სწორედ განსხვავებული იხვის ჭუკი ხდება ყველას დასაცინი. ერთი  შეხედვით მარტივი ზღაპარი, რომელსაც კეთილი ბოლო  აქვს მრავალ ასოციაციას აჩენს და აფიქრებს მაყურებელს თუმცა, ამაზე მოგვიანებით.



ქაღალდის გროვებში გახვეული ჭუკები იბადებიან, მალევე ჩნდება განსხვავებული მახინჯი იხვის ჭუკი, რომელზეც დედა ამბობს: - „ის ჩვენი შვილია, უბრალოდ ჩვენ არ გვგავს“.  ეს წინადადება სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს. ვხედავთ, რომ ოჯახსაც კი უჭირს მისი მიღება და თავდაპირველად უარყოფენ მას. ასევე, სპექტაკლში გაჟღერებული ერთ-ერთი ფრაზა კარგად გადმოსცემს ქართველი ხალხის მენტალობას, ხასიათს და ბუნებას, ჩვენ ვხედავთ მეზობლების შეფასებას ჭუჭულების დანახვისას: „დედა რას ჰგვანან, თვალი არ ეცეთ“, მშობლებს კი მათ სილამაზეზე ესაუბრებიან. კიდევ ერთი ქართული ელემენტით გაამდიდრა რეჟისორმა და ინდაურს ყველასათვის ცნობილი, ბიძინა კვერნაძის, - „ვარდები არ არიან ამღერა“.  ამით, ყველაფერმა სპექტაკლს უფრო მეტად სახასიათო და  ქართული  ელფერი შესძინა - რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია პრობლემატიკის გააზრებაში.

​მსახიობები, სერგი ზოსიაშვილი, მანუჩარ ბეგალიშვილი, აბელ სოსელია, ჯანეტ ქობულაძე, სალომე დოხნაძე, ნინო შეყლაშვილი შესანიშნავ პარტნიორობას უწევენ ერთმანეთს სცენაზე. თითოეული პერსონაჟი ქმედითი და ბუნებრივია - დეკორაცია მინიმალისტურია და იცვლება.

რეჟისორმა მონადირის პერსონაჟი საკმაოდ უცნაურად და საინტერესოდ გამოსახა, ჩექმებით, ჰარმონიკით და თავის ადგილას მაღვიძარა საათი დაუმაგრა. სპექტაკლის დასაწყისში, წამმზომის ხმა გვესმის და იხვების ჭუჭულების გაჩენის მოლოდინს გვამცნობს, სპექტაკლის ბოლოს კი ვხედავთ გაზრდილ მახინჯ იხვის ჭუკს, რომელიც ულამაზეს გედად გვევლინება. დრო მნიშვნელოვან/გადამწყვეტ პერსონაჟად გვევლინება, რომელიც სრულიად ცვლის არსებულ მოცემულობას.

ფინალისკენ მარტო დარჩენილი/უარყოფილი იხვის ჭუკი გაყინულ წყალზე საკუთარ ანარეკლს ვერ ცნობს. ვერც მერე ცნობს, როდესაც უკვე სახეცვლილი, ულამაზეს გედად იქცევა - წყალი სარკის ფუნქციასაც ითავსებს.

და ბოლოს, ყოველთვის აღმოჩნდება ერთი მამაცი თევზი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ იცურებს, ან იხვის ჭუკი რომელიც განსხვავებული იქნება და ბოლო ულამაზეს გედად იქცევა. აქვე მინდა მივმართო ჰომოფობებს, რომლებიც აგრესიული და მოძალადეობრივი ძალით ცდილობენ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების  ჩაგვრას იარონ სპექტაკლებზე და გამოიმუშაონ ემპათია, რომელიც ასე მძაფრად აკლიათ.  ვისწავლოთ და მივიღოთ ის ადამიანები ვინც ჩვენ არ გვგავს, თუმცა ჩვენი საზოგადეობის და ოჯახის წევრები არიან.  


bottom of page