არ შეუძლია მტ(ვ)ერი არ იყოს

ლელა ოჩიაური
ერთი (როგორც სხვა ბევრის) ადამიანის ცხოვრება, გარემო, რომელშიც დაიბადა, გაიზარდა, ცხოვრობს, ყალიბდება, რომელიც მასზე ახდენს გავლენას და არსებობის წესს განსაზღვრავს, შეიძლება საზოგადოების არსის, თვისებების, მახასიათებლებისა და ამგვარობის, დროსა და მის მიღმა პრობლემების, ზოგადად ცხოვრების მარადიულ მეტაფორად იქცეს.
ასეთია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „მტერი“ (გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში), მისივე დრამატურგიით, სცენოგრაფიითა და მუსიკალური გადაწყვეტით.
რეჟისორი აჩვენებს ერთი ადამიანის ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ ისტორიას - დაბადებიდან სიკვდილამდე. აკვირდება საზოგადოებისა და ადამიანის დაპირისპირების ამბავს, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის ობიექტია და რომელიც შემდეგ თვითონაც მოძალადედ ყალიბდება. ერთი ყველას წინააღმდეგ, თუ ყველა ერთის წინააღმდეგ - ამ მოცემულობაზეა დამყარებული „მტერის“ ძირითადი სტრუქტურა.
„მტერი“, ფორმისა და სპეციფიკის მხრივ, „შერეული“, სხვადასხვაგვარად შეფერილი სპექტაკლია, სხვადასხვა ხერხისა და ფორმის გამოყენებით. აგებული პლასტიკაზე, პირობითი გარემოს შესაბამისი ვიზუალური და ხმოვანი რიგის გამომსახველობაზე, მსახიობებისა და თოჯინების თანამონაწილეობით (ასეთი ტიპის სპექტაკლები აქტიურად მკვიდრდება ქართულ თეატრებში - თოჯინურ სპექტაკლებში მსახიობების, სხვადასხვა „დოზით“ ჩართულობით ან პირიქით - თოჯინების შეყვანით - დრამატული თეატრების წარმოდგენებში, მსახიობებთან ერთად).
დინამიკური და მკაცრ „გეომეტრიულ“ ხაზზე აგებული მოძრაობების მონაცვლეობა, ხმებისა და ბუნებრივი ხმაურების (რაც მსახიობების მოძრაობის დროს ისმის და „გარე გახმოვანებით“) მუსიკალობა, ტონალობა; ცოცხალი მუსიკალური თემები და ვოკალური ჩანართები, მხოლოდ რამდენიმე სიტყვითა თუ შორისდებულით „მეტყველი“ და აწყობილი ამბავი, მოძრაობის, ჟესტის, მიმიკის პირობითობა და გამომსახველობა მოვლენის, ამბის პირობითობასა და განზოგადების შრეს გამოკვეთს.
სპექტაკლის მონაწილეების ძირითადი და მრავალრიცხოვანი ნაწილი - სხვადასხვა ეპიზოდში თუ მოვლენის მიხედვით, სინქრონულად, ქაოტურად, სხვადასხვა ტემპო-რიტმში, განსხვავებულად მოძრობებენ, ხან მარშირებენ, ხან კვეთენ ხაზებს, „სქემის“ მიხედვით გადაადგილდებიან - ხან ჰორიზონტალურად განლაგდებიან, ხან ცენტრისკენ და ხან ცენტრიდან ცვლიან მიმართულებას, „თავს იყრიან“ ცენტრალური მიზანსცენების გარშემო, აქტიურად ებმებიან მოვლენებში, შემდეგ ნეიტრალურ ობიექტებად გარდაისახებიან, ისევ აქტიურდებიან, ვიღაცას იღებენ მიზანში და მსხვერპლად აქცევენ.
ამბავი, როგორც ყველა ბედნიერი ამბავი, წყვილის შეხვედრით, შეყვარებით, ქორწინებით, ბავშვის - მთავარი გმირის - დაბადებით იწყება. მაგრამ ამ ოჯახისა და შვილის ბედნიერებას დედის ავადმყოფობა და სიკვდილი ანგრევს. სიყვარულს არსიყვარული, თანადგომას გულგრილობა, ერთიანობასა და ერთობას აგრესია, ძალადობა, სისასტიკე ცვლის. გარემოც ამის მიხედვით იცვლება, პირქუშდება და მძიმდება.
დეკორაცია ერთი მეორის მიყოლებით, მიჯრით, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული ჩარჩოებითაა აწყობილი, რომლის ძელებშიც მსახიობები გადაადგილდებიან. ამ ჩარჩოებით შემოსაზღვრულ სივრცეში ხან „ნატურალური“ და ხან თოჯინის ზომის ობიექტები ჩნდებიან - წიგნები, საწოვარა, წვეთოვანა, ჭიქები, მანათობელი ვარსკვლავების წრე, სანთელი, გლობუსი (როგორც სამყაროს მიკრომოდელი) და სხვა და სხვა, რომლების მასშტაბები განსხვავდებიან, მაგრამ სრულიად ჰარმონიულად თანაარსებობენ ერთ სივრცესა და განზომილებაში. მსახიობები იყენებენ ნიღბებსაც, მაგრამ არა სახეზე, არამედ მათაც, როგორც თოჯინას მართავენ.
პირობით და ზღაპრულ გარემოს ქმნის - განათებაც, რომლის სიმძლავრის ხარისხიც, ინტენსივობაც მოვლენების სვლასა და დრამატიზმის ზრდასთან ერთად იცვლება.
რეჟისორის მხატვრული აზროვნების, ხელწერისა და სპექტაკლის კონცეფციის გამტარი - მონაწილეები და შემსრულებლები - არიან - პროფესიონალები - მარიკა ძაგნიძე, ნინო პაპიაშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა მიქელაძე, ნათია ხმიადაშვილი, დავით ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი და მომავალი მეთოჯინეები (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თოჯინების მსახიობის სპეციალობის II კურსის სტუდენტები) არიან, ნიკოლოზ საბაშვილისა და მალხაზ გაბუნიას სახელოსნოდან - ნუცა აბაშიძე, ნანა ახვლედიანი, მარიამ ბერუაშვილი, ლუკა ბურდიაშვილი, ლიზი ბურჭულაძე, მარიამი გაბაძე, რაჟდენ ლაღაძე, ლევან მიქაბერიძე, თორნიკე მიქაძე, ნიკი ტაბაშიძე, ლუკა ფესვიანიძე, სანდრო ფოლადაშვილი, ნინო ჯალაღონია და თეთე ბერძენიშვილი (რომელიც სპექტაკლს მუსიკალურად ცოცხლად აფორმებს) - რომლებიც უსიტყვოდ მოქმედებენ და პლასტიკით, მოძრაობით, სივრცეში სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის ნაბიჯებისა და გავლის გამოყენებით, სახეების გამომეტყველებით, მიმიკით, ჟესტებით, სხვადასხვა ამბავზე სხვადასხვაგვარი რეაგირებით - ქმნიან სპექტაკლის სახეს, ატმოსფეროს.
მსახიობები, როლებისა და მოვლენებში ჩართულობისა და ფუნქციების მიხედვით, ასევე იყოფიან - ერთი ნაწილი თითქოს ქოროა, ოღონდ უსიტყვო - მხოლოდ პლასტიკით მოქმედი; მეორე ჯგუფი - თოჯინებს ატარებს და მესამე - ასევე უსიტყვო, მაგრამ „ცოცხალ“ სახეებს ქმნიან. ამ უკანასკნელებს - აქვთ კონკრეტული სახეებიც, ვინაობაც და როლიც მიმდინარე ამბებში - მთავარი გმირის მშობლები - მამა - დავით ბერიძე და ჯაბა ფადარაშვილი, დედა - ნათია ხმიადაშვილი და რამონა მიქელაძე; მთავარი გმირის სიყვარულის ობიექტი - ნინო ჯალაღანია, და მეტოქე - თორნიკე მიქაძე.
საზოგადოება მხოლოდ ვიზუალურად, ფიზიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვა ყველაფერი - საერთო აქვთ. ერთნაირი, ან მსგავსი კოსტუმები, რაიმე „საცნობი“ თუ ინდივიდუალური ნიშნების გარეშე, შავი, ერთნაირი, უნიფორმის მსგავსი, როგორც ახასიათებს და ახასიათებდა რეჟიმებს - ერთნაირობის, ერთგვარობის, ხალხის ბრბოდ ქცევის მეტაფორად აღიქმება. ისინი, ძირითადად, „გახსნილად“ ჩანან და მხოლოდ ზოგჯერ „იმალებიან“ შავი ქსოვილის თავსაბურავებს მიღმა.
მექანიკურად მოქმედი ადამიანების გუნდები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვისი ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა, და რომელიც საზოგადოების მოძალადე და არაჰუმანურ ნაწილს განზოგადებულად წარმოადგენს. ისინი მსგავსად მოძრაობენ, მსგავსად მოქმედებენ, ურთიერთმსგავსი ცხოვრების წესს მისდევენ და სხვადასხვა ფაქტის მიმართ დამოკიდებულებებსაც ერთნაირად ამჟღავნებენ.
მოვლენების ეპიცენტრში მყოფი მთავარი გმირი კი - თოჯინაა (სპექტაკლის მთავარი ხაზი - სწორედ მისი ცხოვრების ხაზია), რომელიც ბუნებრივ, ჩვეულ, საყოველთაო, არაფრით გამორჩეულ და ბანალურ (როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება) ყოფით და ფიზიოლოგიურ პროცესებს გადის - იბადება, იზრდება, სიარულს, სამყაროს შეცნობას იწყებს, სხვადასხვა ასაკის ხდება, სწავლობს, სხვადასხვა გარემოსა და საზოგადოებაში ხვდება და ასე გრძელდება, სანამ ცოცხალია.
მას - ჩვილობიდან ზრდასრულობამდე, სიბერემდე - რამდენიმე თოჯინა ასახიერებს, რომლებიც თანდათან, არა მარტო ზომაში მატულობენ - ასაკიც ემატებათ და შესაბამისად გამოიყურებიან კიდეც - იერს, კოსტუმებს, ვარცხნილობას, ატრიბუტიკას იცვლიან, ხასიათიც ეცვლებით (მახასიათებელი შტრიხებით). მსახიობები, რომლებიც მას ატარებენ, უცვლიან პლასტიკას, ჟესტიკულაციას, ნაბიჯისა თუ მოძრაობის „ასაკობრივ“ სპეციფიკასაც.
ერთ-ერთ სცენაში პატარა თოჯინა მის ზუსტ ასლად, ოღონდ, ადამიანის ზომის ფიტულად, თუ დიდ თოჯინად გადაიქცევა, რომელსაც, ცხადია, ასევე მსახიობები ატარებენ, იცვლება მათი მოქმედებისა და „მართვის“ მანერა და თხრობის სტილისტიკა ახალი შტრიხებითა და შესაბამისი სივრცითი და არსობრივი შრეებით იტვირთება.
სპექტაკლში მონაწილე კიდევ ერთი თოჯინა - ძაღლია, მინიატურული ლეკვი, რომელსაც ამ გაუდაბურებულ სამყაროში, მთავარი გმირის ცხოვრების მიწურულს მაინც, შეუძლია ნათელი შეიტანოს მის ყოფაში, მაგრამ, პირიქით კი ხდება.
ადამიანი და თოჯინა, ადამიანი და მისი მოდელი ჩვეულებრივად შედიან კონტაქტში და ასეთი ურთიერთობა არც გასაკვირად აღიქმება და არც არაბუნებრივად.
ვთქვათ, მაშინ, როდესაც მაგიდას ადამიანი და თოჯინა ერთნაირად, „თანასწორად“ უსხდებიან და შემდეგ თოჯინა ადამიანის ხელზე ინაცვლებს. ან მაშინ, როდესაც მშობლები და „ქორო“ ჩვილს - თოჯინას - დასაძინებლად, ნამდვილ ბალიშებზე აწვენენ. ან ბურთაობის დროს, როდესაც გასროლილი ბურთი „ჩაწოდებასთან“ ერთად თვალსა და ხელს შუა პატარავდება და შემდეგ, ისევ ნატურალურ ზომას იბრუნებს. ნამდვილობის ასეთი მიმღებლობა არც მაშინ კარგავს ძალას, როდესაც დედ-მამა, საბანს რეალურად კი არ იფარებენ, არამედ ვერტიკალურად მდგომ საწოლში „დგომით“ ქმნიან წოლის ეფექტს. ასეთი მხატვრული „ტრუკები“ „მტერში“ საკმაოდ ბევრია და რეჟისორის მხატვრული კონცეფციის ერთ-ერთი განმსაზღვრელია.
თუ დედის ავადმყოფობისა და სიკვდილის სცენა, სევდიანი (როგორც ყველა სიკვდილი, მით უმეტეს, ბავშვისთვის - მშობლის) და ყველა უბედურების საწყისია; თუ გალოთებული და ამდენად, სახედაკარგული მამის ძალადობა პატარა შვილზე, თანაგრძნობასა და თანაგანცდას იწვევს, ძაღლის - უწყინარი და მოალერსე ლეკვის - მკვლელობის სცენა ალბათ ყველაზე დრამატულია მთელ სპექტაკლში. სისასტიკით დამთრგუნველი.
ამ ეპიზოდში - თოჯინა - ყველაზე ცხადად იძენს ადამიანის თვისებებს და და იქმნება ილუზია, რომ ის „ცოცხალი“ ადამიანია. ძაღლის მკვლელობა შემზარავია, პირველ რიგში, სუსტსა და უმწეოზე ძალადობის გამო. ამასთან, ასახავს ადამიანის მდგომარეობას, ფსიქოლოგიას, როდესაც ის ძლიერს ემორჩილება, არ ეწინააღმდეგება, როდესაც დასცინიან, ამცირებენ, და როდესაც შემდეგ თვითონ ის ძალადობს სუსტსა და უმწეოზე. რადგან მტ(ვ)ერია, უკვე იქცა მტ(ვ)რად და არ/აღარ შეუძლია, მტ(ვ)ერი არ იყოს.
მისი და ყველა სხვა პერსონაჟის დაუნდობლობა და სისასტიკე დაუნდობლობისა და ადამიანების ჩაგვრის კრებითი ნიშნების შეიცავს და ცდება კონკრეტული პიროვნებისა და საზოგადოების კონკრეტულ ფარგლებს. ნიკოლოზ საბაშვილის „მტერი“ სარეჟისორო კონცეფციიდან და სამიზნედან გამომდინარე, სხვა სივრცეებშიც იჭრება და მოვლენებიცა და მათი მასშტაბებიც - ფიზიკური თუ ემოციურ-ფსიქოლოგიური წინაღობები - მატულობს.
რაც და როგორც სპექტაკლში ხდება - ზოგადად ძალადობის სიმბოლური სახე და მეტაფორაა - ერთი ადამიანი იქნება ეს, ადამიანების ჯგუფი, ბრბო, სხვადასხვა ტიპის რომელიღაც ორგანიზაცია ან სახელმწიფო, რომელიც ძალადობს ადამიანებზე, უშვებს და აქეზებს ძალადობას და პიროვნების დამორჩილებას, დათრგუნვასა და ფიზიკურ თუ მორალურ განადგურებას ცდილობს.
წინააღმდეგობა და წინაღობები წინააღმდეგობსა და წინაღობებს ბადებენ. ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს აპრობირებული და მრავალჯერ დამტკიცებული ფორმულაა. ასეთ განსაცდელს (მით უმეტეს, რომ ის მრავალმხრივია), რომელიც გმირს თავს ატყდება, ბევრი ვერ უძლებს. როდესაც ყველა მიმრთულებით, ჩიხია, ადამიანები ადამიანობას კარგავენ. და მათ ყოველთვის წინ აქვთ - მიუსაფრობა, მარტოობა, მიუღებლობა და განდევნა.